27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ დაბრუნებული გიგი უგულავა იმავე ქოლგის ქვეშ დანარჩენ ოპოზიციას ეპატიჟება

"ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ დაბრუნებული გიგი უგულავა, ახლა იმავე ქოლგის ქვეშ დანარჩენ ოპოზიციას ეპატიჟება. ქოლგის ქვეშ გაერთიანებას გიგი უგულავა ყველა იმ კოლეგას სთავაზობს, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს და პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას. პოლიტიკოსი სააკაშვილის როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება.

ქოლგა პარტია და დიდი კოალიცია, რომელშიც, ასევე, შევლენ "ჰალსტუხიანები": ირაკლი ალასანია, გიორგი კვირიკაშვილი, დავით ბაქრაძე და ა.შ. გიგი უგულავა მათ სხვა სიტყვებითაც მოიხსენიებს და
"თეთრსაყელოიანებს" უწოდებს.

გიგი უგულავას წინადადებას არ იზიარებენ არც მისი ყოფილი თანაგუნდელები "ევროპული საქართველოდან" და არც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი. პოლიტიკაში დაბრუნებას კი საერთოდ არ განიხილავს ირაკლი ალასანია. მცირე პარტიებმა, რომლებსაც გიგი უგულავა ე.წ. შუაშისტებად მოიხსენიებს, პოლიტიკური ინიციატივა სერიოზულადაც არ აღიქვეს. საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსმა ფორმირებებმა ვერც წარსულში გაამართლა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" მორიგი ოპოზიციური გაერთიანების მომხრეები ჯერჯერობით მხოლოდ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც პარტიასთან კოალიციაში ისედაც განიხილებიან. თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერ ერთობას განიხილავენ მათთან, ვისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

ოპოზიციური ერთობის მორიგი ინიციატივის შეფასებისას მმართველ გუნდში ოპონენტების წარსულ გამოცდილებას იხსენებენ.  "ქართულ ოცნებაში" ოპოზიციას ხელმოცარულს უწოდებენ, სწორედ ამ პოზიციიდან გაკეთებულ შეთავაზებად აღიქვეს გიგი უგულავას ინიციატივაც. მათივე განმარტებებით, თავად ოპოზიციური პარტიებიც აცნობიერებენ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქოლგის ქვეშ ყოფნა პოლიტიკურად მომგებიანი მათთვის ვერ იქნება.

დღის ამბები