27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მსოფლიოს ქვეყნებმა კოვიდ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს

შვედეთი, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, შეერთებული შტატები - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს.

სახელმწიფოების უმეტესობა საზღვრებს ხსნის და პირბადეების გამოყენების ვალდებულებას აუქმებს. რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, სახელმწიფოები იზოლაციის დღეებსაც ამცირებენ.

7 დღემდე შემცირდა საკარანტინო პერიოდი ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ლიეტუვასა და რუსეთში. იზოლაციის პერიოდი 5 დღემდე დაწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, თურქეთმა და ჩეხეთმა.

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ამერიკის ზოგიერთ შტატში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. ნიუ-ჯერსის შტატი ერთ-ერთია, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით და ომიკრონისგან გამოწვეული დაბალი სიკვდილიანობით ხსნიან.

"სახელმწიფო სკოლებში სავალდებულო ნიღბები 7 მარტიდან გაუქმდება. იგივე წესი შეეხება ყველა საბავშვო დაწესებულებას. არ ვაპირებთ კოვიდის ნულამდე დაყვანას. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება, რადგან პანდემიიდან ვირუსის ენდემურ ფაზაში გადავდივართ,"- აცხადებს ნიუ-ჯერსის გუბერნატორი.

შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს შვედეთშიც. მთავრობის განკარგულებით მოგზაურებს საზღვრის გადაკვეთისას ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენა აღარ მოუწევთ.

შვედეთის მსგავსად, კოვიდტესტებისგან თავისუფლდებიან საბერძნეთში ჩასული მოგზაურებიც.

გაერთიანებულ სამეფოში კი პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

სახელმწიფოების ნაწილი კი პანდემიასთან ბრძოლაში კოვიდშეზღუდვების პოლიტიკას ინარჩუნებს, მათ შორისაა ჩინეთი.

ჰონგ კონგში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

აზიის ფინანსური ჰაბი ნულოვან კოვიდ სტრატეგიას ირჩევს. ადგილობრივებმა კი სურსათ-სანოვაგის მომარაგება დაიწყეს.

ახალ ზელანდიაში პიკს მარტის ბოლოსთვის ელოდებიან. მთავრობა ომიკრინთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ ბერკეტად ბუსტერ დოზას მიიჩნევს.

დღის ამბები