ერთი საათის წინ დასრულდა საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა კიევში - მაკრონმა ზელენსკის პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, 2 საათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც საფრანგეთის პირველმა პირმა თქვა, რომ მიიღო გარანტიები ორივე მხარისგან, რომ მინსკის შეთანხმება არ დაირღვევა.
უკრაინის ლიდერის თქმით უკრაინისა და საფრანგეთის პარტნიორობას უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
"დღეს ჩვენი ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში. მაგრამ ჩვენს პარტნიორობას უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნორმანდიის ფორმატში საფრანგეთი აქტიურ როლს ასრულებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ პარიზის ოფიციალურ პოზიციას და ემანუელ მაკრონის პირად ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. ის ნამდვილად ბევრს აკეთებს ამისთვის. ეს ჩვენი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში, 2019 წლის დეკემბერში პარიზის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ მორიგი მოლაპარაკებების გამართვას ნორმანდიული ოთხეულის ლიდერებს შორის. საფრანგეთის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და მთელი ევროკავშირისთვის. ეს არის მძლავრი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. საფრანგეთი გამოყოფს 1,2 მილიარდ ევროს მაკროფინანსურ დახმარებას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი აპირებს გააგრძელოს შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის და მიზნად ისახავს უახლოეს კვირებში უკრაინის გარშემო სიტუაციის სტაბილიზაციას:
"უკრაინა მზადაა განახორციელოს მინსკის შეთანხმებები დონბასში კონფლიქტის მოგვარების შესახებ. მინსკის შეთანხმებები უკრაინის საუკეთესო თავდაცვაა. მე მოსკოვსა და კიევში მივიღე მინსკის შეთანხმებების დაცვის გარანტიები. არსებობს განსხვავებული მიდგომები მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საერთო ენის გამონახვა . მნიშვნელოვანია რომ ზელენსკი ცივსისხლიანად მოქმედებდა როცა რუსეთის შეჭრის საფრთხე გაიზარდა . 10 თებერვალს ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების პოლიტიკური მრჩევლები კვლავ ბერლინში უნდა შეხვდნენ .გერმანიასთან ერთად, საფრანგეთი აპირებს გააგრძელოს შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის ამ რთულ ვითარებაში .საფრანგეთი მიზნად ისახავს უახლოეს კვირებში უკრაინის გარშემო სიტუაციის სტაბილიზაციას,"- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.