27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო - საია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

საიას ინფორმაციით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორისაა საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება.

"სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 2 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), და ამ უფლებებთან ურთიერთკავშირში მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. ხსენებულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს, აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა თავიანთ საკუთრებასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და შეერაცხება თუ არა რუსეთის ფედერაციას მათ მიმართ ამ უფლებების დარღვევა.

ხაზგასასმელია, რომ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მათი საცხოვრებელი სახლები დატოვა, ცხოვრებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აგრძელებდა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკურად ქართველების სახლები მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად (§§ 292-95).

სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ვალდებულება ეკისრება, რომ ქართული წარმოშობის მცხოვრებლებს სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს (§§ 296-301),"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საია-ში ა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს იცავს. საიას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევას შეეხება.

დღის ამბები