27 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როცა ამის აუცილებლობა დადგება, ან ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ეტყვის:

"როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტიც მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს," - განაცხადა ლუკაშენკომ. ამასთან ბელორუსის პრეზიდენტმა დასვა კითხვაც "არის თუ არა ამაში რაიმე სახის სასიცოცხლო აუცილებლობა".

ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებასთან დაკავშირებით, ლუკაშენკომ  განმარტა თავისი ადრე გამოთქმული პოზიცია, რომ მზად არის ეს გააკეთოს მაშინ, როცა რუსეთში ბოლო ოლიგარქი აღიარებს ყირიმს და დაიწყებს იქ პროდუქციის მიწოდებას. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, ყირიმის საკითხთან შეხება თავად რუსეთის მოქალაქეებსაც უჭირთ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან დაკავშირებით ადრე ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ აღიარება ააღელვებდა საქართველოს, ააღელვებდა ტერიტორიული პრეტენზიების მქონე ქვეყნებს, დასავლეთიც მაშინვე იფეთქებდა, რაც პირველ რიგში თავად რუსეთისთვის არ უნდა ყოფილიყო საჭირო.

დღის ამბები