27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
გასული წლის ყველაზე რეზონანსული საქმე - ვინ დაუკვეთა 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა და ჰყავდათ თუ არა თანამზრახველები ბრალდებულებს

გასული წლის ყველაზე რეზონანსული საქმე -  22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა. ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა, ვინ დაუკვეთა მკვლელობა და ჰყავდათ თუ არა თანამზრახველები უკვე დაკავებულ აკო ჭელიძეს და გიორგი კაველაძეს

პროკურატურის ოქროს მოწმე, ტაქსის მძღოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბრალდებულებს შეხვდა. ის "კურიერს" დეტალურად უყვება, რა ხდებოდა მის ავტომობილში დიდუბიდან სანზონამდე გზაში. ერთმანეთში ჩუმი და დაძაბული საუბრების დროს, გიორგი კავილაძემ და აკო ჭელიძემ მძღოლის ტელეფონით ისარგებლეს. დარეკეს და გაგზავნეს ტექსტური შეტყობინება, რომელიც მაშინვე წაშალეს. როგორც მოწმე ყვება, გამოძიებამ მისი ტელეფონის ინფორმაცია აღადგინა. ამის შემდეგ კი გაჩნდა ვერსია დანაშაულთან სხვა პირების შემხებლობის შესახებ.

პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მკვლელობაში ბრალდებულებმა უდავოდ სცნეს, შესაბამისად სასამართლოში ტაქსის მძღოლი აღარ დაიკითხება. აღარ აჩვენებენ 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ამსახველ შემზარავ კადრებსაც. უდავოდ ცნობილ მასალებს შორის არის იმ ქირურგის ჩვენებაც, რომელიც დანაშაულის ადგილზე გასროლის შემდეგ, რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილას მივიდა და სასიკვდილოდ დაჭრილი კვარაცხელია ნახა.

დაცვის მხარე  მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე იდავებს, რომელიც ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ეხება. ამ ნაწილში ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ სცნობს. აკო ჭელიძე ამტკიცებს, რომ ნიკო კვარაცხელია მოკლა, თუმცა თანამზრახველი არ ჰყოლია.

ბრალდებულების დანაშაულში დარწმუნებულია მოკლულის ოჯახი, რომელიც ახლა დამკვეთების დასახელებას ელის. რის თქმას აპირებენ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები სამომავლოდ, უცნობია.

საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ რა სტრატეგიაც არ უნდა ჰქონდეს დაცვის მხარეს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება დამტკიცდება.

ნიკო კვარაცხელია თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს საკუთარ ავტომობილთან სასიკვდილოდ დაჭრეს. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 3 კვირიანი ძებნის შემდეგ, წყნეთში, მიტოვებულ აგარაკზე დააკავეს.

დღის ამბები