27 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში და 5 000 ლარიანი გირაო - დეპუტატ დავით კირკიტაძის საქმე

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს დავით კირკიტაძეს, რუსთავის სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დაცვის მხარე პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, სახელმწიფო ბრალდება კი 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლის ეს გადაწყეტილება თავად ბრალდებულს პროცესზე არ მოუსმენია. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომათა დარბაზი მოქმედმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დღევანდელი პროცესის შედეგით უკმაყოფილო დარჩა დაცვის მხარე, დავით კირკიტაძის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

განსხვავებულია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი აცხადებს, რომ საკმარისი მტკიცებულებები დევს საქმეში, მათ შორის ვიდეო კადრები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან არის გადაღებული და კარგად ჩანს დაპირისპირება ოპოზიციონერ კანდიდატსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის.

კირკიტაძის სისხლის სამართლის საქმეს გამოეხმაურნენ დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პოლიტიკურ სარჩულზე საუბარი არარელევანტურია და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

დავით კირკიტაძეს ბრალი გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ჯგუფური დანაშაულისთვის წარუდგინეს. კირკიტაძის გარდა, პასუხისგებაში კიდევ სამი პირი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მიეცნენ, რომლებიც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

ინციდენტის დროს დაშავდა 5 ადამიანი, კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთ მოქალაქეს ფეხს მაშინდელი რუსთავის მერობის კანდიდატი. დავით კირკიტაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა.

დღის ამბები