27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული კონტინგენტი იზრდება - კრემლმა რეგიონში დამატებით 10 000 ჯარისკაცი განათავსა

ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსული კონტინგენტი იზრდება. "ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კრემლმა რეგიონში დამატებით 10000 ჯარისკაცი განათავსა. რომლებიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.

გაეროში უკრაინის წარმომადგენელი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საკმაოდ მაღალია.

მზარდი საფრთხის ფონზე, რუსეთის აგრესიის შეკავებასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას მიმდინარე კვირას სერგეი ლავროვთან საუბრის შედეგებიც გააცნო, რის შემდეგაც კრემლის წინააღმდეგ სანქციები განიხილეს. სანქციებზე საუბრობს ევროპული კომისიის პრეზიდენტიც. ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, რუსეთს ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებზე წვდომა შეეზღუდება.

დეესკალაციისკენ რუსეთს ნატოს გენმდივანიც მოუწოდებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატოს გაფართოვება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

პოლიტიკური გამოსავალი რუსეთის ინტერესებში არ შედის, ამიტომ უკრაინა თავდაცვისთვის ემზადება. ოფიციალური კიევი ბერლინს შეიარაღების მიწოდების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, უკრაინა გერმანიას საზენიტო სარაკეტო სისტემების, პორტატულ სახმელეთო საჰაერო ტიპის რაკეტების, სათვალთვალო და ღამის ხედვის აღჭურვილობის მიწოდებას სთხოვს.

უკრაინის ეჭვებს დონბასში არსებული მდგომარეობა ნაწილობრივ ამყარებს. თითქმის 48 საათიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა ცეცხლის რეჟიმი კიდევ ერთხელ დაარღვია - აცხადებენ უკრაინის გაერთიანებულ შტაბში. შედეგად დაშავდა ერთი სამხედრო, რომლის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები