27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი ძალიან ხშირად და მავნედ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს - რატი იონათამიშვილი  

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებას, რომ არ მიეცეს რუსეთს შესაძლებლობა, უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად ტყუილები გამოიყენოს, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება მათთვის სიახლე არ არის. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ასეთ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით, რუსეთი ტყუილისა და დეზინდორმაციის ტექნოლოგიებს აქტიურად მიმართავს. 

"დეზინფორმაცია რუსეთის მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი ძალიან ხშირად და მავნედ იყენებენ ამ ტექნოლოგიებს. მათ შორის საქართველოს მიმართაც ჩვენ გვახსოვს, როგორი დეზინფორმაციის კამპანია იყო თუნდაც ლუგარის ლაბორატორიის მხრივ.

ეს არის ის, რასაც ეს სახელმწიფო ყოველთვის კადრულობდა თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცხადია, ერთობამ და ასეთმა განცხადებებმა უნდა მოახდინოს პრევენცია იმის, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიებს არ ჰქონდეს რეალური შედეგი," - ამბობს რატი იონათამიშვილი.  

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორებმა გამოააშკარავონ და გაასაჯაროვონ მსგავსი ფაქტები, რადგან მას პრევენციული ხასიათი აქვს.

"რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განუყოფელი ელემენტი არის ინფორმაციული ოპერაციები, რომელიც არის ჰიბრიდული აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წინა პლანზე წამოწეული ელემენტი, რომელსაც აგრესორი სახელმწიფო იყენებს მუდმივად, რომელიც თან ახლავს ან ხშირ შემთხვევაში წინ უსწრებს კონვენციური სამხედრო ძალის გამოყენებას. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ უტყუარი ინფორმაცია მსგავსი დეზინფორმაციების სერიის გავრცელების, უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოყენების მიზნით,“ - ამბობს ირაკლი ბერაია.

 

 

 

დღის ამბები