27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა, წავართვით რუსთავი, წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს... - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია. საქმე, ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

ბრალდებულმა ხანმოკლე სიტყვის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა, მანამდე კი პოლიტიკური პროცესები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მისი ციხეში ყოფნის ხანგრძლივობა საზოგადოებაზეა დამოკიდებული.

"საქართველოში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური პროცესები. იცით, რომ ადგილობრივი არჩევნები არასდროს იყო მნიშვნელოვანი და გახდა მნიშვნელოვანი, ნახეთ, რომ პრაქტიკულად, წავართვით ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი, უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ზუგდიდს და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დაიძრა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი,"- განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

ცნობისთვის: რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა. მას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაც იმყოფება. 

"კიდე მეტი უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აქ კი არ ვიდგეთ და ჩვენი შვილები და შვილიშვილები კი არ იყვნენ საქმის კურსში, რომ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები, დროდადრო დადიან სასამართლო სხდომებზე, რომ უგულშემატკივრონ საკუთარ მეგობრებს, არამედ ჩვენი ენერგია, ჩვენი დრო, რომელიც ყველაზე შეზღუდულად გვეძლევა ცხოვრებაში, მოხმარდეს ქვეყნის განვითარებას. ეს რეჟიმი, "ქართული ოცნების" სახით, უნდა შევცვალოთ და მეორეს მხრივ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ კონკრეტული გზები ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსასვლელი, კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ დაიძლევა ეს მძიმე, მრავალმხრივი კრიზისი,"- განაცხადა მელიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები