27 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის გამო პენტაგონი ევროპაში დამატებით 3 ათას სამხედროს განათავსებს - რომელ ქვეყნებში გაიგზავნება ამერიკული ჯარი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს დავალება მისცა, ევროპის ნატოელ მოკავშირეებში, აღმოსავლეთით, დამატებითი ძალების განთავსების შესახებ. გადაწყვეტილება პენტაგონმა დღეს დილით უკვე დაადასტურა.

2000 ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან გაემგზავრება და დაემატება ძალებს გერმანიასა და პოლონეთში. 1000 ჯარისკაცი კი, რომელიც გერმანიაში იმყოფება, რუმინეთისკენ გადაინაცვლებს და ეს საკითხი თავდაცვის მდივანმა ოსტინმა რუმინეთის მთავრობასთან რამდენიმე დღის წინ შეათანხმა. ამ თემასთან დაკავშირებით პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ ისაუბრა:

"როგორც თავდაცვის მდივანმა განაცხადა, შეერთებული შტატები მხარში უდგას ნატოელ მოკავშირეებს. ახლანდელი სიტუაცია მოითხოვს, შეკავების და თავდაცვის გაძლიერებას ნატოს აღმოსავლეთით. კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ ჩვენი ვალდებულება ურყევია. ამ ვალდებულების მიხედვით შეერთებული შტატები მალე გადააადგილებს დამატებით ძალებს რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში. მინდა განვმარტო, რომ ეს არ არის მუდმივი გადაადგილება. ეს არის უსაფრთხოების ახლანდელი ვითარების საპასუხოდ. მეტიც, ეს ძალები უკრაინაში ბრძოლას არ აპირებენ,"- განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ.

გადაწყვეტილება პენტაგონმა უკრაინის საზღვრებთან მოსალოდნელი რუსული აგრესიის საპასუხოდ მიიღო. რუსეთმა კიდევ ერთხელ უარყო რაიმე აგრესიის მზადება უკრაინაში და ამის შესახებ განაცხადა კიდევ გაეროში რუსეთის ელჩმა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში პასუხები სწრაფი და მწვავე იქნება.

ვაშინგტონი ხედავს საფრთხეს და ამის მიზეზია ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილებაც, ჯარების განთავსებაზე. უკრაინის საკითხზე და რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე მსჯელობა დღეს კონგრესში გაგრძელდება. 2 საათში ამ თემის განხილვას ჰელსინკის კომისიაზე დაიწყებენ.

დღის ამბები