27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
საქართველოში მამაკაცს საკუთარი შვილიშვილის გაუპატიურების გამო ასამართლებენ - მოძალადეს დანაშაულის შემდეგ მსხვერპლი ეკლესიაში მიჰყავდა

საქართველოში მამაკაცს საკუთარი შვილიშვილის გაუპატიურების გამო ასამართლებენ. მცირეწლოვანი გოგონა საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 8 წლის ასაკიდან გახდა, თუმცა სიმართლე 5 წლის შემდეგ გამჟღავნდა, როდესაც გოგონა უკვე 13 წლის იყო.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოძალადეს დანაშაულის შემდეგ მსხვერპლი ეკლესიაში მიჰყავდა და ცოდვების მონანიების გარდა, მისგან მომხდარის საიდუმლოდ შენახვას ითხოვდა.

"ჩვენ მარტო წავედით სოფელში მდებარე ტაძარში, სადაც მითხრა, რომ მასთან ერთად მეთქვა "მამაო ჩვენოს" ლოცვა და ორივეს მოგვენანიებინა ცოდვები. ცოდვებში ის გულისხმობდა იმ ფაქტს, რაც წინა ღამით გამიკეთა. ვფიქრობდი, რაც თავს გადამხდა, მართლაც ჩემი ბრალი იყო, რის გამოც მომხდარის შესახებ მშობლებისთვის და სხვა ვინმესთვის არაფერი მითქვამს. ასეთ ფაქტს, დაახლოებით 40-ჯერ მაინც ჰქონდა ადგილი," - წლების განმავლობაში მასზე განხორციელებულ ძალადობაზე გოგონა ჩვენებებში ყვება, თუმცა დაკავებული მამაკაცი ყველაფერს უარყოფს.

პროცესი დღეს დაიწყო და მალე არასრულწლოვანი გოგონა თავად მისცემს ჩვენებას უკვე სასამართლოს.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი "კურიერთან" აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წლებია სქესობრივი დისფუნქცია აქვს, რის გამოც ნათესავი მოზარდის გაუპატიურებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. ადვოკატს ამის დასტურად მის მიერვე დანიშნული კერძო ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს.

საქმეში დაზარალებულად ცნობილ მოზარდთან ახლაც ფსიქოლოგები მუშაობენ. ის რამდენიმე დღეში ჩვენებას სასამართლოშიც სწორედ ფსიქოლოგების თანდასწრებით მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პედოფილიაში მხილებულ მამაკაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

დღის ამბები