27 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლების დაკავება ქრთამზე - რა განცხადება გაკეთდა დედაქალაქის მთავრობაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლებს კითხავენ. საქმე ეხება ქრთამის აღების ფაქტს, რომლის ფარგლებში ოთხი პირი დააკავეს. ანტიკორუფციული სამსახურის ცნობით, საუბარია დიდ თანხებზე, თუმცა დანაშაულებრივი სქემის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სუს-ში დაკითვაზე მისული თანამშრომლები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. რაც შეეხება ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს - არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია, რისთვისაა დაკავებული და მას არანაირი დანაშაული ჩადენილი არ აქვს. მისი თქმით, დაკავებული გამოძიებასთან სრულყოფილ თანამშრომლობას აპირებს.

კომენტარი გაკეთდა თბილისის მთავრობაშიც, როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კორუფციის პრობლემა იშვიათად, მაგრამ მაინც დგას სახელმწიფო სამსახურებში. როგორც ის განმარტავს, დედაქალაქის მთავრობას კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა. სწორედ მათი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით მოხდა ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ამ ფაქტებს უკავშირდებოდა კორუფციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მიერ გაკეთებული განცხადებაც.

"ფაქტზე ვიცოდით, დღესაც და გუშინაც. ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად გამოვლინდა ფაქტები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

განცხადება კონკრეტულ ფაქტსაც უკავშირდებოდა და ასევე იყო ზოგადი მოწოდება. ეს იყო მოწოდება, მითითებები საჯაროდაც და არასაჯაროდაც მუდმივად ხდება, როგორც მერის და მოადგილეების მხრიდან. ეს პრობლემა იშვიათად, მაგრამ მაინც დგას სახელმწიფო სამსახურებში, შესაბამისად, ყურადღება და სადარაჯოზე დგომა სჭირდება,"- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები