27 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს ენმ-ს ინიციატივას სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა დაარეგისტრირა.

პარტიაში აცხადებენ, რომ პარტნიორ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და მიიჩნევენ, რომ კომისიის შექმნის რესურსი არსებობს.

"საგამოძიებო კომისიის მიზანი, რომელიც დაადგენს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირესებაშემლახავი მოპყრობის ყველა იმ შესაძლო ფაქტს, რომელიც არსებობდა და ეს ფაქტები საზოგადოებამ იხილა. მთავარი შედეგი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი საჯაროობა და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის გამოკვეთა, რომელიც მონაწილეობდა სახელმწიფოს და ხელისუფლების სახელით," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ლელო - საქართველოსთვის" პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე საგამოძიებო კომისიების ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ, რათა სიმართლე დადგინდეს.

"საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ. რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს პარტია "გირჩი".

"ჩვენი კოლეგების ნებისმიერ ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელი კოლეგაც არ უნდა იყოს ვუჭერთ მხარს, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში როცა დაგვჭირდება ასეთი საგამოძიებო კომისია, ჩვენც დაგვიჭირონ მხარი. 

მოცემულ სიტუაციაში მე ვურჩევდი ნაციონალურ მოძრაობას, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით შექმნას კომისია და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანისას გზაში რა ხდებოდა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომისიის შექმნისთვის 50 ხმა არის საჭირო.

დღის ამბები