27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას თავს დაესხმება, ის სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება - ჯო ბაიდენი

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების მე-5 ნაწილი მიიღო. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი "ტვიტერზე" ავრცელებს. მისი თქმით, კიევში დამატებით 84 ტონა საბრძოლო მასალა ჩავიდა.

"თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას თავს დაესხმება, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება, ამასთან სწრაფი და მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება," - თქვა ჯო ბაიდენმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოკავშირეებთან ერთად ყველა სცენარისთვის მზად არის. თეთრ სახლში აცხადებენ იმასაც, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მომზადებულია სანქციების პაკეტი.

"გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკისთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, ჩვენ განვაგრძობთ მონაწილეობას უწყვეტ დიპლომატიურ პროცესში, ვითარების დეესკალაციისთვის და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება ჩვენი მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისთვის და მთელი ევროპისთვის.

გაეროს უშიშროების საბჭოზე დეტალურად წარმოვადგინეთ რუსეთის მხრიდან საფრთხის სრული ხასიათი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის, ასევე საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპების მიმართ. ჩვენ განვაგრძობთ დიპლომატიისკენ, როგორც წინსვლისთვის საუკეთესო გზისკენ მოწოდებას. მაგრამ რუსეთი აგრძელებს თავისი ძალების უკრაინის გარშემო მობილიზებას. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ," - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

რუსეთის საელჩო კი ამერიკულ მხარეს დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სანქციების გამო უკან დახევას არ აპირებენ. რუსული მედიის ცნობით, ვაშინგტონმა მოსკოვის წერილობითი პასუხი უკრაინის საკითხზე უკვე მიიღო.

დღეს უკრაინაში ვიზიტს გეგმავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

დღის ამბები