28 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ოთხდღიანი სამუშაო კვირა დასაქმებულს მეტ სტიმულს მისცემს - შემცირდება თუ არა სამუშაო დღეები

ხუთდღიანი სამუშაო კვირა, შესაძლოა, მალე ოთხდღიანი გახდეს. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც კვირაში ექვსი სამუშაო დღე ერთით შემცირდა. ევროპის ბევრ ქვეყანაში დასაქმებულები 6 დღე მუშაობდნენ, კვირა კი ეკლესიაში წასვლის და ლოცვის დღედ მიიჩნეოდა. პირველი ხუთდღიანი სამუშაო მოდელი 1908 წელს იქნა გამოყენებული, ნიუ-ინგლენდში, სადაც ბამბის წისქვილებზე მუშაობა ზოგიერთ დასაქმებულს შაბათობით საკუთარი რელიგიის გამო არ შეეძლოთ.

მოგვიანებით, 1926 წელს ჰენრი ფორდმა ეს თემა კიდევ უფრო გაშალა და წარმოადგინა ხუთდღიანი სამუშაო კვირის სისტემა, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა და დაინერგა მთელს სამუშაო ინდუსტრიაში. ამ გადაწყვეტილების მიღებას სამი ძირითადი მიზეზი ჰქონდა. პირველი, შედარებით მოკლე სამუშაო კვირა მომუშავე პერსონალის პროდუქტიულობას გაზრდიდა, ასევე იყო მოსაზრება, რომ ჩვეულებრივი მუშახელი იმსახურებდა ორ დასვენების დღეს კვირაში.მოგვიანებით პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ოფიციალურად მიიღო კანონმდებლობაში ხუთი სამუშაო დღის არსებობა.

ოთხდღიან სამუშაო მოდელს ბევრი სკეპტიკური გამოხმაურება მოყვა. "რატომ არ გადავალთ სამ, ან სულაც ორ დღიან მუშაობაზე", მაგრამ ასეთი სისტემა შესაძლოა იმაზე რაციონალური იყოს, ვიდრე ფიქრობთ.

როგორც Forbes წერს, ამ რეფორმით შესაძლებელი იქნება დასაქმებულებისთვის მეტი სტიმულისა და ხალისის მიცემა, ასევე 4-დღიანი მუშაობა არ ნიშნავს ხელფასის შემცირებას და ამ გეგმაზე უკვე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მსხვილი კომპანია. მაგალითად, Microsoft-მა იაპონიასა და ესპანეთში დააწესა ოთხდღიანი სამუშაო კვირის სამწლიანი საცდელი ვადა. ამ პროექტში ესპანეთმა 50 მილიონი დოლარი ჩადო.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები