28 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ბაიდენის და პუტინის შეხვედრა შეცდომაა, ეს აძლევს პუტინს ლეგიტიმაციას, რომელსაც არ იმსახურებს - დევიდ ქრეიმერი

ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც 16 ივნისს,  შვეიცარიაში  დაიგეგმა, ამერიკელ სპეციალისტთა ნაწილი უკმაყოფილოდ ხვდება. ანალიტიკოსთა უმეტესობას საერთოდ არ აქვს მოლოდინი, რომ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა, მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ ქრეიმერმა ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრას "შეცდომა" უწოდა.

"ვფიქრობ, ამ სამიტის გამართვა შეცდომაა და ვისურვებდი, პრეზიდენტ ბაიდენს შეთავაზება არ გაეკეთებინა. გაუმჯობესებას არ ველოდები და თუ იქნება, ძალიან მოკლევადიანი. გავითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდება ლიდერს, რომელზეც თქვა, რომ ის "მკვლელია". ბაიდენმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე კვირას დაამტკიცა, რომ რუსეთთან საქმის გაკეთება ტელეფონითაც შეუძლია. ის და პუტინი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

მიმაჩნია, რომ ამ გზით უნდა გაეგრძელებინათ. შეხვედრა პუტინს აძლევს ლეგიტიმაციას, რომელსაც არ იმსახურებს. პუტინთან ურთიერთობას კლინტონი, ბუში, ობამა და ტრამპიც ეცადნენ. აქ პრობლემა პუტინია და ვიდრე ის ხელისუფლებაშია, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება. თუკი რა თქმა უნდა, ამერიკა მის ღირებულებებს, ინტერესებს და პრინციპებს მსხვერპლად არ გაიღებს,"-განაცხადა ქრეიმერმა. 

დევიდ ქრეიმერის თქმით, პუტინისგან რომც დადგეს მოთხოვნა სანქციების შესუსტებაზე, არათუ თანხმობა არ შეიძლება, პირიქით, ისინი უნდა გაძლიერდეს. ქრეიმერი ხაზს უსვამს, რომ მდგომარეობა რთულია უკრაინაში, გაუმჯობესება არ არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, პუტინი აგრძელებს ასადის რეჟიმის მხარდაჭერას და დასავლეთის წინააღმდეგ ისევ კიბერთავდასხმებია.

დიპლომატი უილიამ კორტნი ამბობს, რომ კრემლს სანქციების შემსუბუქება სურს. თუმცა ექსპერტები მათი მოხსნის შესაძლებლობას ვერ ხედავენ.

"რუსეთის მთავრობის წევრები, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ხშირად საჯაროდ ამბობენ, რომ სანქციებს ზემოქმედება არ აქვთ. თუმცა, რუსები სანქციების მოხსნას პრიორიტეტულად თვლიან. ნათელია, რომ მათ დესტრუქციული გავლენა იქონიეს რუსეთის ეკონომიკაზე და ეს კრემლს აწუხებს, რადგან რუსეთის ეკონომიკა თითქმის არ იზრდება და სტაგნაციაშია. ვფიქრობ, პუტინი შეეცდება სანქციების შემსუბუქებას. თუმცა სანქციები დაწესდა კონკრეტული ქმედებებისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები დამაზიანებელს უწოდებს და თუ პროგრესი არ იქნება, ბაიდენი ვერ შეძლებს მათ მოხსნას ან შემსუბუქებას,"-აცხადებს უილიამ კორტნი.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ჟენევაში განსახილველ საკითხებს შორის, უკრაინის გარდა, ბელორუსში განვითარებული მოვლენებიც იქნება, როდესაც ლუკაშენკოს რეჟიმმა მინსკში ძალით დასვა ევროკავშირის რეისი და ჟურნალისტი დააპატიმრა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ შეხვედრამდე უნდა ყოფილიყო წინაპირობაც, რომ მოსკოვი ლუკაშენკოს მხარდაჭერას დაასრულებდა.

თეთრმა სახლმა, პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ თქვა, რომ ეს ამერიკის ინტერესების დაცვის ნაწილი და რუსეთთან უფრო მეტად სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის შესაძლებლობაა. დიდ იმედებს, ჟენევის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ვერც ადმინისტრაცია ამყარებს. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ იგრძნობა ის ოპტიმიზმი, რომელიც დემოკრატიული პარტიის წინა ადმინისტრაციას, მოსკოვთან "გადატვირთვის პოლიტიკის" მცდელობის დროს ჰქონდა.

დღის ამბები