28 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
მოსამართლეთა კონფერენცია ხმაურისა და პროტესტის ფონზე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი მოსამართლე წევრი შეემატა

მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, თემურ გოგოხია, ბადრი შონია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრები გახდნენ. მათ მხარი კონფერენციის 300-მდე დელეგატმა დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას საპროტესტო შეძახილებით შეხვდა "სირცხვილიას" აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელიც კონფერენციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა. მას შენობა მანდატურებმა დაატოვებინეს.

ხმაური იყო დღეს შენობის გარეთაც, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევის გადადებას ითხოვდნენ.

მოსამართლეთა არჩევნების ჩატარებას თავად მოსამართლეები კანონმდებლობით და სასამართლო სისტემის გამართული ფუნქციონირების აუცილებლობით ხსნიდნენ.

იუსტიციის ახალი მოსამართლე წევრები 4 წლის ვადით აირჩიეს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდათ. საბჭოში ამ დრომდე რჩება 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტური ადგილი, რომელიც, პარლამენტის გადაწყვეტილებით, უახლოეს კვირებში უნდა შეივსოს.

დღის ამბები