28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - გენერალი გიორგი კვინიტაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალი, ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

საფრანგეთიდან გადმოსვენების შემდეგ გენერლის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული.

"ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - შეტევაა. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასების გამხნევება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. ქართული ჯარის საუკეთესო ოფიცერი,"- ასე ახასიათებდა საბჭოთა რუსეთის დაზვერვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბოლო მთავარსარდალს.

"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა,"- ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია, რომელსაც დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი. 

გიორგი კვინიტაძე პეტერგბურგის სამხედრო სასწავლებელსა და გენერალური შტაბის აკადემიაში სწავლობდა. იბრძოდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. 1921 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით თბილისის დაცვა გადაწყვიტა და თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია.

მას შემდეგ რაც, რუსეთმა საქართველო დაიპყრო, გენერალი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრაციაში საფრანგეთში წასულიყო. 

სამშობლოში ის პარიზიდან ემიგრანტებმა გამოაცილეს, საქართველოში კი მისი დაკრძალვის ცერემონიალს საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენელები და გენერლის შთამომავლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები