28 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები და გაიყვანოს უკანონოდ განლაგებული სამხედრო ძალები საქართველოდან - დავით ზალკალიანი

21 მაისს, ონლაინ-ფორმატში, ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი გაიმართა.

მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. 

"ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის მიერ, ადამიანის  ძირითადი უფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის მკვლელობების, უკანონო დაკავებების, საოკუპაციო ხაზთან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართებისა  და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებს. ასევე, ჩვენ ე.წ. გამშვები პუნქტების უპრეცედენტოდ ხანგრძლივი დროით დაკეტვის და გადაადგილების შეზღუდვის მოწმენი ვართ.  სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები 4 ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მისასვლელად მდინარე ენგურის გადაკვეთას ცდილობდა, დაიხრჩო," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივების ფაქტს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის.

მინისტერიალის ფარგლებში, ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს.

დღის ამბები