28 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
რა ხდება ისრაელში, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია - სპეციალურად "კურიერისთვის" კადრები თელ-ავივიდან

უკვე მეექვსე დღეა ისრაელი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. რაკეტების ძირითად ნაწილს "რკინის გუმბათის" ანტისარაკეტო სისტემა ჰაერში ანადგურებს, თუმცა ჭურვების ნაწილი მიწაზე მაინც ეცემა.

ისრაელში არსებულ მდგომარეობას და იქ მცხოვრები ქართველების ყოფას სპეციალურად "კურიერისთვის", ცხელი წერტილიდან ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე აღწერს.

დაბომბვის პარალელურად ისრაელში მცხოვრები ქართველები ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზეც ამახვილებენ ყურადღებას. ამბობენ, რომ დაპირისპირება არაბებსა და ებრაელებს შორის უკვე საკმაოდ შემაშფოთებელია.

რაც შეეხება ღაზას სექტორს, აქ, ამ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის შანსი ყოველ წუთს მცირდება. ავიაიერიში ჰამასის ლიდერის და მისი ძმის საცხოვრებელ სახლებზე ისრაელმა გვიან ღამით მიიტანა. წერტილოვანი დარტყმები მიმდინარეობდა თითქმის მთელი დღის განმავლობაში. დაღუპულია 33 ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვია.

განადგურებულია ჰამასის თავდაცვითი გვირაბების სისტემის დიდი ნაწილი. ისრაელის არმიის ბრიგადის გენერალი ჰიდაი ზილბერმანი აცხადებს, რომ მსგავს ე.წ. საჩუქრებს ღაზა კიდევ მიიღებს. 

24 საათის განმავლობაში ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 10-მა. მათ შეტევის დროს ბუნკერისთვის თავის შეფარება ვერ მოასწრეს.

მსოფლიო საზოგადოება კონფლიქტის დეესკალაციას ითხოვს. დაპირისპირებულ მხარეებს ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ამის პარალელურად საკითხის განხილვას 18 მაისს ვიდეო-კონფერენციაზე გეგმავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები. ახლო აღმოსავლეთში ვითარების განმუხტვაზე საუბრობს რომის პაპი.

დღესვე მსოფლიოს დიდ ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. "არა გენოციდს" - ამ ლოზუნგით, ბერლინში, ლონდონში, პარიზში და მადრიდში ასეულობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა დაწვეს ისრაელის დროშები და მსოფლიო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. შეკრებებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ხელკეტები დაუშინეს. საპასუხოდ, სამართალდამცველებმა, მათ დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ავტორი: მიხეილ ხეციოიძე

დღის ამბები