28 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
ამნისტიის პროექტები ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა - კანონპროექტებზე მუშაობას დეპუტატები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებენ

ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტების განხილვა იურიდიულ და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტებში დაიწყება - რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ამნისტიის პროექტები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

კანონპროექტებზე მუშაობას დეპუტატები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებენ, მანამდე კი მასზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გასულ კვირას კაჭრეთში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრების დროს იმსჯელეს. ამაზე "მოქალაქეების" ლიდერი საუბრობს და ამბობს, რომ პოზიციები შედარებით შერბილებულია. ელისაშვილი მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.

კაჭრეთის შეხვედრების მონაწილე პოლიტიკოსების ნაწილი ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ნაწილი კი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა შემთხვევაში არ დაუჭერენ ისინი უმრავლესობის კანონპროექტს მხარს.

ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში რამდენიმე განსხვავებაა. უმრავლესობის ვერსიაში ამნისტია ეხება ყველას, მათ გარდა, ვინც თავად უარს იტყვის ამნისტიაზე. ოპოზიციის რედაქციაში კი სამართალდამცავების ამნისტირებას დაზარალებულის თანხმობა დასჭირდება. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი შარლ მიშელის შეთანხმებას პასუხობს, ოპოზიცია კი სპეკულირებს.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, კანონპროექტის რომელ ვარიანტს დაუჭერენ მხარს. "გირჩის" ხმა იმ ვერსიას ექნება, რომელზეც მეტი კონსენსუსის მიიღწევა მოხერხდება.

რამდენიმეკვირიანი განხილვების მიუხედავად, ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებენ თუ არა მხარეები ორი დამოუკიდებელი დოკუმენტიდან შეჯერებულ ვერსიაზე ჩამოყალიბებას, ეს საკომიტეტო განხილვების დროს უნდა გაირკვეს.

რეგლამენტით ამნისტიის კანონპროექტებზე დაჩქარებული მსჯელობა ვერ გაიმართება, ამიტომ პროცესს დაახლოებით სამი სასესიო კვირა დასჭირდება.

დღის ამბები