ისრაელში კვლავ გამუდმებული განგაშის ხმა ისმის - ჰამასი პერიოდულად ანახლებს მასირებულ სარაკეტო იერიშებს, თელ-ავივი კი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. უკვე დაწყებულია ჯავშანტექნიკის გადაადგილება, გამოძახებულია 3 000 რეზერვისტი.
ისლამურმა დაჯგუფებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა სარაკეტო იერიშის რადიუსი. დღეს ჰამასმა რამონის აეროპორტის მიმართულებით გაუშვა რაკეტა "აიაში", რომელსაც 250 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. უკვე ყველა ნიშანი არის იმის, რომ "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობამ" მესამე ინტიფადის პროვოცირება მოახდინა. ხვალ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეა.
ერთ-ერთი იმ მაღალსართულიან შენობებს შორის, რომელიც ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში გაანადგურეს ჰამასის სამხედრო დაზვერვის და კომუნიკაციების ცენტრად ითვლებოდა. 1 000 ობიექტის ჰაერიდან განადგურების შემდეგ უკვე სახმელეთო ოპერაციამდე ისრაელს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაღა დარჩა, ანკლავში შეჭრის გეგმაზე სარდლობას უკვე ნამსჯელი აქვს. 7 000 რეზერვისტი მოწინააღმდეგის საზღვრებთან ყველანაირი სცენარისთვის მოამზადეს, შვებულება არ იქნება.
ჰამასი პასუხებს აბრუნებს - დღეს ეს 100 რაკეტის გაშვებაში გამოიხატა,რომლის სამიზნეც თელ-ავივი, ბერშევა და აშკელონი იყო. "რკინის გუმბათმა" იმუშავა, თუმცა არის 4 დაზარალებულიც. ჯამში კონფლიქტს ისრაელის მხრიდან 7 ადამიანი ემსხვერპლა, გაცილებით მაღალია მსხვერპლი ღაზაში, ასეთი 83-ია. გარდაცვლილების დაკრძალვა დაიწყეს ერთსა და მეორე მხარესაც. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე სამხედროები, თუ დაჯგუფება ჰამასის ლიდერები.
ისრაელსა და პალესტინაში მსოფლიო ლიდერების ზარები არ წყდება. ყველა შფოთავს. ამერიკა პოზიციის დაფიქსირებაზე მუშაობს. უკვე ჰაერშია ბაიდენის სპეციალური მრჩეველი, რომელიც მხარეებს რეგიონში ჩაფრენისთანავე დაელაპარაკება.
ახლო აღმოსავლეთის განახლებულმა კონფლიქტმა ახლა რამდენიმე მიმართულება მიიღო, გარდა სამხედრო და პოლიტიკურისა, არსებობს ეთნიკურ-რელიგიური კომპონენტიც, რომელიც ვითარებას ეთნიკურად დასახლებულ ქალაქებში არაბებისა და ებრაელების ურთიერთთავდასხმებში ვლინდება. ინტერნეტი სავსეა კადრებით, რომელიც ასეთ ქალაქებში არეულობას ასახავს. გადამწვარი სინაგოგები, გატეხილი შუშები, ძალადობა - ზოგ დასახლებაში ყოველდღიურობად იქცა. ექსპერტები სამოქალაქო ომზეც ალაპარაკდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის ერთ-ერთი სამიზნე რამონის აეროპორტიც იყო, რომლისკენაც ფრენებს ბენგურიონის აეროპორტიდან ამისამართებდნენ, რადგან თავადაც დადგნენ საფრთხის ქვეშ. ამის ამსახველი მასალა ინტერნეტშიც მოიპოვება. თავდასხმა ისრაელს ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფომ დაზღვევისთვის ფრენები ისრაელთან დროებით გააუქმა.