ისრაელში ვითარება კვლავ დაძაბულია. პალესტინელი მებრძოლების განცხადებით, ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში კოშკის ბლოკი გაანადგურა.
Reuters-ის ცნობით, 13 სართულიანი შენობა თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც იქიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
ისრაელის სამხედროების განცხადებით კი, ღაზას სექტორში განთავსებულ მებრძოლებს თავს სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ესხმიან.
საერთაშორისო საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებს კატეგორიულად ურჩევს, შეწყვიტონ ვითარების ესკალაციის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ბოლო დღეებში ისრაელში დაძაბულობას და არეულობას იწვევს.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, ორშაბათის ღამიდან მოყოლებული ამ დრომდე 400 სარაკეტო იერიში განხორციელდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავის მხრივ ღაზას სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაციის იერიშების შედეგად 28 პალესტინელი დაიღუპა.