ტრაგედია ყაზანში - ყაზანის 175-ე სკოლაზე თავდასხმა 19 წლის ილნაზ გალიავიევმა მოაწყო და ის მარტო მოქმედებდა. გალიაევი დაკავებულია. ჯერჯერობით, თავდასხმის მოტივი უცნობია.
ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები და მასწავლებლები. ადგილობრივ საავადმყოფოში 18 ბავშვია გადაყვანილი, მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო ილნაზის დაკითხვიდან. ის გისოსებზეა მიჯაჭვული, დაკითხვისას ცდილობდნენ, დაედგინათ თავდასხმის მიზეზი, თუმცა ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საღ ჭკუაზე არ არის.
"ღვთიური არსი შევიგრძენი, სადღაც ჩემში მონსტრმა გაიღვიძა. მან კონკრეტულად ყველას შეძულება დაიწყო. მე ყოველთვის ყველა მეზიზღებოდა. არ გაბედოთ მომაწეროთ თქვენი ეს ფსიქოლოგიური, ექსტრასენსორული ანალიზები," - ამბობს თავდამსხმელი.
ქალაქში სისხლის ჩაბარებაზე მოქალაქეები რიგში მთელი დღის განმავლობაში იდგნენ. თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ილნაზ გალიაევი დღეს დილიდან აცხადებდა, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისთვის ემზადებოდა, 19 წლის მამაკაცმა ამის შესახებ საკუთარი "ტელეგრამის" გვერდზე დაწერა. ილნაზის ყოფილი კლასელების თქმით, ის იყო წყნარი და უკონფლიქტო ბავშვი, თუმცა დაკითხვის ვიდეომ სულ სხვა რამ აჩვენა.
ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი