28 ნოემბერი 2024,   18:03
ვრცლად
ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელი მკაცრდება - შსს-ს განცხადებით, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი პრობლემის აღმოფხვრას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელი მკაცრდება. ინიციატივის მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებისთვის პატიმრობის მინიმალური ზღვარი 6-დან 10 წლამდე გაიზრდება.

ნარკორეალიზაციაში არასრულწლოვნის ჩართვის ბოლო ფაქტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროში კანონის გამკაცრებაზე  მუშაობა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების გაყიდვაში მშობლებს ჩართული ჰყავდათ 10 წლამდე ბავშვი. 

შსს-ს განცხადებით, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი პრობლემის აღმოფხვრას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.

კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია და დასამტკიცებლად პარლამენტშია გადაგზავნილი. ინიცირებულ პროექტს საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები განხილვის დაწყებამდე მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი გეგმავს, რომ მხარი არ დაუჭიროს, მეორე ნაწილი კი გადაწყვეტილებას კანონპროექტის ავტორების არგუმენტების მოსმენის შემდეგ მიიღებს.

სისხლის სამართლის კოდექსში ნარკორეალიზაციის მუხლში შესატან ცვლილებებს მხარს დაუჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში. 

პოზიციები არაერთგვაროვანია სპეციალისტებშიც, სადაც ორად გაყოფილი მოსაზრებების საფუძველი არგუმენტირებული დასკვნები გახდა. ერთი ნაწილისთვის კანონის გამკაცრება სასურველ მიზანს, რეალიზაციის პრობლემის გარკვეულწილად აღმოფხვრას შეძლებს. მეორე შემთხვევაში კი, ფიქრობენ, რომ სასჯელის მინიმალური ზღვარის აწევა მსხვილი გამსაღებლების ჯგუფებს ჩამოაყალიბებს.

დღის ამბები