28 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
სამთვიანი პატიმრობის დასასრული - ნიკა მელია ციხეს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს

პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა. ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ პირობისამებრ იმოქმედეს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს 40 ათასი ლარი ევროკავშირმა საიას გავლით ჩაურიცხა. თანხის ხაზინაში შეტანისა და პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ სასამართლოს ჩანიშვნას ადვოკატები 24 საათის განმავლობაში ვარაუდობენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს დაფარვა მელიას უკანონო პატიმრობის აღიარებაა. 

ევროპული მედიაციით "ქართულ ოცნებასთან" გაფორმებული შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციონერები მელიას გათავისუფლების გზას კრიზისის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ. პოლიტიკოსები იმედს იტოვებენ, რომ უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმების დოკუმენტის საკანონმდებლო იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ აქტში პოლარიზების დასრულების შესაძლებლობას ხედავენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათი თქმით, დესტრუქციული დღის წესრიგი შეინარჩუნოს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

დღის ამბები