დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სასულიერო პირს - მამა გიორგი ჩაჩავას ვაქცინაციისთვის და სხვებისთვის მაგალითის მიცემისთვის მადლობას უხდის - ამირან გამყრელიძის განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.
"დღეს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზით აიცრა მამა გიორგი ჩაჩავა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ჩემი სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მას, ამ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო.
მაქვს პატივი, მამა გიორგისთან ბოლო 25 წელი სულიერი ახლობლობა მაკავშირებდეს. ის ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს, კარგად იცნობს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე მიღწევებს და მოსახლეობას ყოველთვის აძლევს პირად მაგალითს.
ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან მამა გიორგი გახლავთ დიდი ქართველი ექიმისა და ქირურგის ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილი, რომლის ლექციებზე, ტრადიციებსა და ვირტუოზული ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა.
მადლობა მამა გიორგის!" - წერს ამირან გამყრელიძე.