28 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ოკუპანტების ყოფილი ტყვე "კურიერთან" კრემლს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ცხინვალის ტყვეობას რამაზ ბეღელურმა თავი ერთი თვის წინ დააღწია. არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებულ ტრავმებს კი ამ დრომდე ებრძვის. 36 წლის მამაკაცს ოკუპანტებმა თავის არეში არაერთი ტრავმა მიაყენეს, რამაც ეპილეფსია გამოიწვია. ბეღელურს არ შეუძლია ფიზიკური აქტივობა და მეთვალყურის გარეშე გადაადგილება.

ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა - ამ შინაარსის სარჩელის მომზადებაში რამაზ ბეღელურს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ეხმარება. 

ოკუპანტი ძალადობს ყველაზე, სქესის და ასაკის განურჩევლად. სოფელ აძვის მკვიდრი ელდარ გუნდიშვილი ამის ნათელი მაგალითია. 68 წლის მამაკაცს ფიზიკურად რამდენიმე რუსი სამხედრო გაუსწორდა.

სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის წარსადგენად ემზადება ვაჟა გაფრინდაშვილი. ექიმი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა თავისუფლება ორი თვით აღუკვეთა. "კურიერთან" ინტერვიუში, ოკუპანტების ყოფილი ტყვე ამბობს, რომ კრემლს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ამხელს.

ჯერჯერობით უცნობია, რა სამართლებრივ გზას მიმართავენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. 34 წლის მამაკაცი, ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი აბსურდული ბრალდებით გაასამართლეს და თორმეტნახევარი წელი შეუფარდეს. 

ინდივიდუალური საჩივრების მომზადებაში მოქალაქეებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მარტო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგს 53 საჩივრით მიმართა. დოკუმენტებში საუბარია როგორც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, ისე 2008 წლის ინტერვენციის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე.

დღის ამბები