28 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
გერმანია იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში - ანრი ოხანაშვილი

მმართველი გუნდის წევრებმა დღეს გერმანელ კოლეგებთან ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრეს. "ქართული ოცნების" დეპუტატები მეორე დღეა ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან.

"ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საქართველოსათვის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი იქნება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმის მოსმენა, რომ გერმანელი დეპუტატები ძალიან კარგად უჭერენ მხარს საქართველოს, როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ეს კონკრეტულ ნაბიჯებშიც იქნება გამოხატული. ჩვენ გვქონდა საუბრები შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, თუ როგორ ვითარდება პროცესები და არის საყოველთაო ინტერესი, რომ სტაბილურად განვითარდეს შიდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში,"-განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს შექმნას თანამშრომლობის ახალი პლატფორმები გერმანიასთან, რათა 2024 წლისთვის, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს, გერმანია მოწინავე მხარდამჭერი იყოს ამ პროცესში. 

"გვსურს, რომ შევქმნათ ახალი თანამშრომლობის პლატფორმები იმისთვის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეტანის შემდეგ, გვქონდეს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. გერმანია იქნება მოწინავე და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ამ პროცესში. ჩვენ გადავდივართ ევროკავშირთან და, განსაკუთრებით, გერმანიასთან პოლიტიკური თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ ეტაპზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურთან ერთად იქნება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობა,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

"ვისაუბრეთ, რომ გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის. აქვთ ძალიან დადებითი აღქმა საქართველოსი, არიან საქართველოს მხარდამჭერები და საქართველოს როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში გაწევრიანების მომხრეები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევთანხმდით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანელი კოლეგები დადებითად არიან განწყობილები საქართველოს მიმართ.

"ქართული ოცნების" წევრებს დღეს შეხვედრები აქვთ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, კოალიციით ქვეყნის მმართველობაში მოვლენ. ამასთან, "ქართული ოცნება" შეხვედრებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც მართავს.

დღის ამბები