28 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეკრებილი ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელების გეგმებზე მსჯელობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისშია შეკრებილი. ისინი სამომავლო გეგმებსა და დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელების გეგმებზე მსჯელობენ.

"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის კოორდინაციაზე და ოპოზიციის აქტიურ ჩართულობაზე.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ გარდა ამნისტიის საკითხისა, რომელიც სწრაფად გადასაჭრელია, მუშაობა დასაწყებია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზეც. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ თემებს ეძღვნება.

"ყველაზე მთავარი საკითხი და მალე გადასაჭრელი არის ამნისტიის თემა, მაგრამ არის სხვა საკითხები, იგივე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომელსაც უკვე სჭირდება  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიციის წევრები ასევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელმაც როგორც ხელისუფლების ოპონენტების, ასევე აშშ-ის საელჩოსა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის თქმით, პარლამენტში სრულფასოვნად შესვლის შემდეგ დაუყოვნებლივ შეტანილი იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც აღნიშნული კანონპროექტის ძველი რედაქციის დაბრუნებას მოითხოვენ:

"მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე, ჩვენ, როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას, ანუ დაბრუნდეს ძველი რედაქცია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები