28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
რიონის ხეობის მცველები პრემიერისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს პარასკევამდე ელოდებიან. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა პროტესტისთვის ხელის შესაშლელად კოვიდშეზღუდვების გამოყენებაც მოხდეს.

რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ სამი პირობის შესრულებას, რომელიც მათ დიალოგის გაგრძელების წინაპირობად დააყენეს, ესენია ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა, ხელშეკრულების გაუქმება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანისკენ თავისუფალი გადაადგილების საშუალების მიცემა.

რიონის ხეობის მცველების განცხადებით, მათთან დიალოგში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პრემიერთან ამ საკითხის სრულყოფილად განხილვა ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის კოვიდინფიცირების გამო, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ვერ მოხერხდა, სწორედ ამის გათვალისწინებით, ისინი კიდევ 2 დღე აპირებენ რომ ხელისუფლებისგან პასუხს დაელოდონ:

"მათ თქვეს რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხის და პარასკევს არ გადაცილდება პასუხი. ჩვენ დაველოდებით პარასკევ დღეს, მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს და ხელოვნურად ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას. თუ კოვიდს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ვერ შევძლოთ პროტესტის სრულფასოვნად წამართვა ეს პირიქით აწევს საპროტესტო მუხტს.

თუ პირობები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. ამ ნაწილში ველოდებით პასუხს ასრულებენ პირობებს იმისთვის, რომ დიალოგი გაგრძელდეს თუ არა," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებისგან იქნება უარი, აქციები უფრო დიდ სახეს მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

დღის ამბები