28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
გაკვირვებული ვარ, "ქართული ოცნება" ჩემი ნებართვის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი.

"გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას. ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ, მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიჩნევ საჭიროდ. ეს მგონი, უკვე საქმით დავამტკიცე.

შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ვთქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაეთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა და მოთხვნებს. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ, პრინციპულად, არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროვებს, თუმცა, ამ თემით სხვებისგან დაუსრულებლად აპელირებითა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს. მგონი, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამე შეიძლება დავარქვათ გარდა პოლიტპატიმარი, არც ერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური თუ პოლიტიკური, არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მივიჩნევ, თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები