შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს - 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.