28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ, მალე მორჩით დღევანდელ პროცესს - ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარემ სასამართლო დარბაზში მოსამართლეს სიტყვით მიმართა და პროცესის მალე დასრულებისაკენ მოუწოდა. 

ნიკა მელიას განცხადებით, პატიმრობა არა მისი არჩევანი, არამედ ხელისუფლებისა და სასამართლოს თვითმიზანია. ბრალდებული პოლიტიკოსი სასამართლოს სიცრუეში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ  ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ქრონოლოგიურად უნდა მოვყვე, რა მოხდა ამ საქმეზე და რა ხდება.

ბატონი ამირანი საუბრობს, რომ თურმე ჩემი თვითმიზანია პატიმრობა - რატომ ჰგონია, რომ ჩემი თვითმიზანია პატიმრობა? როცა მეგობრებთან ერთად ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისას უფრო ეფექტური ვარ? რატომ არ უნდა მინდოდეს ოჯახთან ურთიერთობა?

იტყუებით, რომ ეს არ არის თქვენი თვითმიზანი, თქვენ არავინ დაგაბრალოთ პროკურორობა, კობახიძე თქვენ ერთი ხართ. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი თვითმიზანი პატიმრობა არაა, მაგრამ 2 წელია ამაზე საუბრობთ.

პარლამენტში რომ გამოცხადდით, პატიმრობა არ მოითხოვეთ? პარლამენტში 5 თავმოყვარე დეპუტატი აღმოჩნდა, რომლებმაც უკანონობას მწვანე შუქი არ აუნთო.

გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ პროპორციული დათმო, მაგრამ ვიღაცებს დააკავებდა, ამ დროს გამოიყვანეს ბატონი ამირანი.

სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან. 2 წელი ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ, ორი წელია მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ.

სამაჯური მოიხსნა და გირაო არ გადაიხადაო - პირველ ჯერზე უკანონო გირაო და სამაჯურიც კი მივიღე, რადგან ამ დროს ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს გვპირდებოდა. მაგრამ მოგვატყუეს.

იქ პუნქტები იყო - სახლიდანაც არ უნდა გამოვსულიყავი პროკურორის გარეშე - გამოვდიოდი, ვარღვევდი პირველივე დღიდან, არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მოვიგე.

როცა სიტყვით მიტინგზე გამოვდიოდი ხო ვარღვევდი, რატომ დუმდით? ეს უსამართლობის სამაჯური არ უნდა ყოფილიყო ჩემს ხელზე.

კანონის სახელით ძალადობთ. თქვენი ძალადობა კანონის სახელით, ვერ აღემატება ჩემს ღირსებებს. ვერ გამტეხავთ. თქვენ გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს.

ეს სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში, ან გარეთ, მალე მორჩით დღევანდელ პროცესს," - მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს.

დღის ამბები