28 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
"გუმათი არ არის ლოკაცია, სადაც პროტესტი გვჭირდება" - პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს კარვების გასაშლელად ფართს გუმათში სთავაზობს

პროტესტი და გადაკეტილი გზა რიონის ხეობაში- გუმათჰესთან აქციის მონაწილეები მანქანებით დგანან და კარვების გასაშლელად ალტერნატიულ ფართს ითხოვენ. რამდენიმე მეტრში, მათ პირისპირ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

პოლიცია აქტივისტებს ფართს გუმათში სთავაზობს, თუმცა ეს ტერიტორია აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია. ისინი ნამოხვანში შეშვებას ითხოვენ, საიდანაც ისინი მდინარის ადიდების და ტერიტორიის დატბორვის საფრთხის გამო, გუშინ გამოიყვანეს.

"აქ არ არის ჩვენი ლოკაცია და ჩვენი პროტესტის ადგილი. ჩვენი პროტესტის ადგილი აბსოლუტურად შეგნებულად და მიზანმიმართულად დაარბიეს. მთელი საპოლიციო ძალები მობილიზებულია და არ გვაძლევენ ელემენტარულად ხეობაში გადაადგილების საშუალებას კარვის გარეშეც. შემოგვთავაზეს, რომ დანარჩენი კარვები აქ გაგვეშალა, ამას რასაკვირველია არ გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი აქ დგომა არ არის. გუმათი არ არის ლოკაცია, სადაც ჩვენ ახლა პროტესტი გვჭირდება," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა მარიტა მუსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება. ომბუდსმენის აპარატი მიმდინარე პროცესებს აკვირდება. მადონა ბასილაძის თქმით, მნიშვნელოვანია დაცული იყო კანონით გათვალისწინებული უფლებები.

კარვების აღების საკითხი სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ ეტაპისთვის, რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ შეკრების თავისუფლება გახლავთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და ამ უფლებაში რომ დაუსაბუთებელი ჩარევა, რომ ავიცილოთ თავიდან, ძალიან მნიშვნელოვანია. აქციის მონაწილეებს მიეცეს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ლოკაციაზე შეკრების შესაძლებლობა. თუ უარის თქმის საფუძველი არსებობს, მნიშვნელოვანია, ეს უარი იყოს დასაბუთებული და შეირჩეს სხვა ლოკაცია, რომელიც მათ შეკრებას არსს არ დაუკარგავს," - განაცხადა მადონა ბასილაძემ.

პარალელურად, მდინარე რიონში ისევ გრძელდება სამძებრო სამაშველო ოპერაცია, მესამე დღეა ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც წყალში შევიდა და გაუჩინარდა.

დღის ამბები