28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
Tbilisi Open Air არც წელს გაიმართება - ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

Tbilisi Open Air წელსაც არ გაიმართება. ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. განცხადებაში მიზეზად ეპიდსიტუაცია სახელდება, ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ და აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება საშუალებას არ იძლევა სრულფასოვნად ჩატარდეს დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი. 

"მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.

ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს. ვაუქმებთ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთს (facebook.com/events/501806750721717), 2022 წლის ფესტივალის თარიღებსა და ლაინაფს კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვაცხადებთ.

ოფიციალური ივენთის გარდა, სამწუხაროდ, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ფეიქ-ივენთი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩავატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, როგორც კი რეგულაციები ჩვენთვისაც შემსუბუქდება და ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს.

ათწლიანი და ორწლიანი სასაჩუქრე საშვების მფლობელთა საყურადღებოდ: თქვენ უფასოდ დაესწრებით 2022 წლის ფესტივალს + 10 წელი და 2 წელი, შესაბამისად.

ვისაც საშვები ჯერ არ წაუღია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება. 

P. S. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ აპრილში დაგეგმილი ორი ივენთის (Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6) სავარაუდო თარიღებს. 17 და 24 აპრილს მათი ჩატარება, ბუნებრივია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის. იმედია, 2022-ში ყველანი ერთად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი ჩვენი ფესტივალიცაა," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები