28 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ამის საჭიროება არ არის, თუმცა საევაკუაციო გეგმაც არსებობს - კახა კალაძე ვაშლიჯვრის მეწყრულ ზონაზე

კახა კალაძემ დღეს თბილისი მთავრობის სხდომაზე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მეწყრული ზონის საფრთხის შესამცირებლად ხორციელდება.

თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს მეწყრის ზედა ნაწილის ცემენტიზაცია, ასევე ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორინგის თანამედროვე სისტემა. კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ დგას, შესაბამისი უწყებების მიერ მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმაც.

კახა კალაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა, რაც შეიძლება მალე აღდგეს:

"ჩვენდა სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და დათესოს პანიკა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ დაუჯეროთ არავის, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ვცდილობთ საზოგადოებას ჰქონდეს ყოველდღიური ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, რომელზეც რამდენიმე ათეული წელია არსებობს ეს პრობლემა. ჩვენ რაც გავაკეთეთ და გაკეთდა, პირველ რიგში, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთვნენ გერმანელი ექსპერტები, სხვადასხვა სპეციალისტები, ოპერატიულად დავიწყეთ 24 საათიანი მონიტორინგი. გასულ კვირას უკვე დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, ასევე შესაბამისი უწყებების მიერ მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულია საევაკუაციო გეგმა, ეს, რა თქმა უნდა, საჭირო არაა, მაგრამ თუ მოხდება გადაუდებელი აუცილებლობა, ეს გეგმაც არსებობს. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის შევისყიდეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურება, რომელსაც "კავკასუს როუდ პროჯექტი" გვაწვდის, ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ასეთი სამუშაოების. ამჟამად, ფერდის სტაბილიზებისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის  ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება, ზედა ნაწილში მიდის მეწყრის ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს, ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოებასა და მოძრაობის აღდგენას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ორმხრივად,"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები