28 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
არ არის აშკარა ამერიკელებისთვის, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ემსახურება, ოპოზიცია ამ მხრივ ტყუილად ხარჯავს რესურსს - თორნიკე შარაშენიძე

პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, ოპოზიცია არასწორი მიმართულებით მუშაობს, როდესაც "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებებით გამოჩნდა, რომ აშშ-ში ასე არ ფიქრობენ. 

"ოპოზიციას დღემდე აქვს ამოჩემებული ეს მესიჯი, რომ - "ქართული ოცნება" მუშაობს რუსეთზე. გამოჩნდა ძალიან კარგად, სენატში მოსმენების დროს, ასევე, როცა იან კელიმ მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ ტელეარხს, რომ არ ფიქრობენ ამერიკაში ასე. ასე რომ, ოპოზიცია ამ მხრივ ტყუილად ხარჯავს რესურსს. ჯობია მათ აქცენტი გააკეთონ სხვა უფრო რეალისტურ თემებზე, რომელიც პირდაპირ ხელისგულზე ჩანს. არ არის ასეთი აშკარა ამერიკელებისთვის, რომ საქართველოს მთავრობა ემსახურება რუსეთს. ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ნატოსთან არსებითი პაკეტი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება - როცა ეს გაქვს, ძალიან ძნელია დაუმტკიცო, მართალი რომც იყო, ჩუმად მუშაობენ რუსეთზე. ჩემი აზრით, უკვე მე-9 წელია ოპოზიცია არასწორი გზით მუშაობს და ესეც არის მიზეზი იმისა, რომ მარცხდებიან და ყოველ შემთხვევაში, ვერ იმარჯვებენ.

კიდევ ერთი მომენტია, საკმაოდ დიდხანს "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", უფრო მეტად "ევროპული საქართველო" ძალიან კარგად მუშაობდა დასავლეთთან და შეიძლება ითქვას, დასავლეთთან მუშაობის მხრივ ისინი ჩაგრავდნენ "ქართულ ოცნებას," მაგრამ "ოცნებამ" ახლა დაიმატა რამდენიმე სერიოზული, დასავლეთში განათლებული, რომელთაც ასევე შეუძლიათ მუშაობა დასავლეთთან და ასე მარტივად აღარ გამოსდის ოპოზიციას დასავლეთის დარწმუნება რაღაც-რაღაცებში. ესეც, მე მგონი, ვერ გაითვალისწინეს მათ და როგორც ჩანს, სენატში განხილვა მათთვის იქცა სიურპრიზად," - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. 

დღის ამბები