28 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
კომპრომისის მიღწევაში პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, რომელიც ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება "რუსთავი2"-თან ადასტურებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის მხოლოდ იმ 6 პუნქტის ირგვლივ, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაუტოვა. კარლ ჰარცელი მეტ დეტალს არ აკონკრეტებს, თუმცა მწუხარებით აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით მხარეებს გამოსავლის გზა არ უპოვნიათ:

"ბატონი მიშელის პირველი მარტის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, რადგან მან მიიღო გადაწყვეტილება პირადად ჩართულიყო განსხვავებულ მხარეებს შორის დიალოგის პროცესში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ძალებს დახმარებოდა გამოსავლის პოვნაში. ამ პროცესს მოჰყვა შემდგომში სპეციალური წარმომადგენლის დანიელსონის ჩამოსვლა. ის მე მახლდა სანამ გამოვემგზავრებოდი ბრიუსელში. როგორც იცით, ბატონი დანიელსონი რჩება თბილისში და აგრძელებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან მუშაობას. ჩვენ არ გვაქვს მიღებული გამოსავალი, რაც ღრმა უთანხმოების ასახვაა რომელიც დიდი ხანია გრძელდება, ეს დაახლოებით ის 4 თვეა, რაც მე ფასილიტაციის პროცესში ვიყავი ჩართული.

კარგი ის ფაქტია, რომ ჩვენ ვხედავთ მხარეებიდან პროცესში ჩართულობის სურვილს, რომ შეთანხმება შედგეს არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა წინ წავიდეს, ეს მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია და საკმაოდ რთული საკითხებია.

რაღაც დონეზე წინ წაწევა არ გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა კომპრომისს მარტივად მივაღწიოთ. მჯერა, რომ გაგრძელდება პროცესის მხარდაჭერა. ცხადია კომპრომისის მიღწევაში პასუხისმგებლობა მხარეებს ეკისრებათ. მჯერა, რომ თავდაუზოგავი მუშაობით ეს შესაძლებელი იქნება. ვფიქრობ, ახლა მთავარია დასკვნების გამოტანა მოლაპარაკების მაგიდაზე არსებული განსხვავებული პოზიციებიდან. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ან პლებისციტის საკითხს, ეს პოზიციები ყველამ ვიცით. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, თქვენ ევროკავშირისთვის არ პოულობთ გზას, თუ როგორ გამოხვიდეთ კრიზისიდან. აქ მთავარია ყველა მხარემ შეხედოს მოლაპარაკების მაგიდაზე არსებულ ასპექტებს და მივიდნენ შეთანხმებამდე," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები