28 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
არც ერთ მედიატორს არ უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო წონადია, ვიდრე სხვა საკითხები - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვადამდელ არჩევნებზე უფრო პრინციპული საკითხი მისთვის მართლმსაჯულების რეფორმაა. 

იოსელიანი ვარაუდობს, რომ მედიატორებიც მის მსგავსად ფიქრობენ და  ხაზი გაუსვა, რომ მედიაციაში ჩართულ არცერთ პირს არასდროს უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა განსახილველი საკითხები.

"მე ჩემი მხრიდან მხოლოდ ერთ ნაწილს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი და საიდუმლო არ არის - ვთქვი, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ საკითხზე უარის თქმა არ ღირს არანაირ ვადამდელ არჩევნებად.

მგონი, მთელი ქვეყანა ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთჯერადად რაღაცის მოგვარებას სჯობს, მოვაგვაროთ ის, რაც მრავალჯერადად გამოადგება ჩვენს ქვეყანას სტაბილური განვითარებისთვის და ასეთი არის სასამართლო სისტემის რეფორმირება.

პასუხი არ მიმიღია, რადგან მედიატორები, ამ შემთხვევაში, თავიანთ აზრს არ გამოხატავენ და არავის მხარეს არ იჭერენ. მათ ჩემი აზრი მოინიშნეს და იმედია, რომ მათთვის ის იქნება გასათვალისწინებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც სწორედ ამ პოზიციაზე არიან, რადგან მათი კოლეგები ევროპაში სწორედ ამ გზავნილებს აჟღერებენ და გვეუბნებიან, რომ არ არის დრო თამაშების.

არავის უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, მაგალითად, ვიდრე სასამართლოს რეფორმის დაწყება. არც ერთ ევროპელ დიპლომატს, არც ერთ ჩვენი ქვეყნის მეგობარს, არც ერთ უცხოელ პარტნიორს, რომელიც ჩართულია მედიაციაში, არ უთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნები უფრო წონადია, ვიდრე ყველა სხვა საკითხი და ვადამდელ არჩევნებზე თუ არ მოხდა შეთანხმება, სხვა უმნიშვნელოა,"-აცხადებს იოსელიანი. 

დღის ამბები