ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული, ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით გაემგზავრნენ.
მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.
"მსურს, ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო კონტინგენტს, რომელიც ექვსი თვით მისიაში მიემგზავრება. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული მისია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე კარგად გაართმევს ქვედანაყოფი თავს მათზე დაკისრებულ ამოცანებს, როგორც ამჟამად მყოფი კონტინგენტი ასრულებს და რომელიც საქართველოში უკვე მომავალ კვირას დაბრუნდება. დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ გამოვხატო საფრანგეთის ინტერესი და მადლიერება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ამ მისიაში მონაწილეობისთვის. ქართული კონტინგენტი მისიაში მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებს. გმადლობთ,"- აცხადებს ვიცე-პოლკოვნიკი, საფრანგეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში დანი პიტი.
საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს.