28 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში ბიუროს მომდევნო სხდომაზე მოხდება

პარტია "მოქალაქეების" წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ საარჩევნო რეფორმის შემუშავებული კანონპროექტი ეუთო/ოდირისგან დადებით გამოხმაურებას მიიღებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც ჩამოვიდა და იქ ასახული რეკომენდაციები, რომლის პრაქტიკულად უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ კანონპროექტში, რომელიც დავაინიცირეთ. ეს ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, გასაჩივრების წესის შეცვლას და ვადების გაზრდას და ბევრი სხვა რამ. ეს მაძლევს იმედს, რომ კანონპროქტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და გაიგზავნება ეუთო/ოდირში, ასევე მიიღებს დადებით გამოხმაურებას," - განაცხადა პარტია მოქალაქეების" წევრმა და პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, უმრავლესობა ოპოზიციის ნაცვლადაც იღებს პასუხისმგებლობას და რაც შეეხება კანონპროექტს, აქ უზრუნველყოფილია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

დავით მათიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ რადგან ოპოზიციის წევრები სამუშაო პროცესში არ ერთვებიან, ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქმის კეთება მათი დღის წესრიგი არ არის.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში ბიუროს მომდევნო სხდომაზე მოხდება. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადებულ დოკუმენტს დეპუტატები, სავარაუდოდ, სამშაბათს წარადგენენ.

მთავარი ცვლილებები ხმის დათვლის ელექტრონულ ტექნოლოგიას, ცესკოს დაკომპლექტებას, ბარიერის დაწევას, ადმინისტრაციული დავების განხილვას და საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის გაზრდას ეხება. ჯგუფში უმრავლესობა, "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეების" წევრები შედიან.

დღის ამბები