28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკვე თბილისშია - მისი თვითმფრინავი აეროპორტში ცოტახნის წინ დაეშვა, სადაც მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დახვდნენ.

მოლდოვადან ჩამოსულმა შარლ მიშელმა საქართველოში ბრიუსელიდან წამოღებული გზავნილები ჩამოიტანა. რას ეტყვის ევროპელი მაღალჩინოსანი მეგობარ საქართველოს არსებულ ვითარებაში – ზუსტი სათქმელი უცნობია. ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდები ისმის. მაგალითად: დაგეგმილი ვიზიტი შესაძლოა გაჭიანურებული დიალოგის წინაპირობაც გახდეს. თუმცა ცნობილია ის, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ოპოზიცია გაუზირებს - ისინი მიშელს დაუდასტურებენ ოპონენტებთან დიალოგისთვის მზადყოფნას და ამასთან,  ევროპელი მაღალჩინოსნისგან ხელისუფლების მისამართით რბილ ტონს არ ელოდებიან.

უმრავლესობისთვის კი კრიზისის გამომწვევი ოპოზიციის ნაწილია. დაძაბულობის განმუხტვას მმართველი გუნდი პოლიტიკური ცხოვრების პარლამენტში გადატანაში ხედავს.  ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სხვა დასავლელი ლიდერების მსგავსად, ამ მოწოდებას შარლ მიშელისგანაც მოისმენენ.

დატვირთული დღის წესრიგი ხვალ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით და მედიისთვის ერთობლივი განცხადებებით დაიწყება და პრემიერ-მინისტრთან აუდიენციით დასრულდება. შუალედში შარლ მიშელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმოდმეგნლობის ახალი ოფისის გახსნას და შეხვდება ოპოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

მოლდოვადან ჩამოსული მიშელი 2 მარტს თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრება.

დღის ამბები