28 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
კრიტიკა და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში - თანამებრძოლებს შორის დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა უმრავლესობაში მათ რღვევას პროგნოზირებენ 

რას მოჰყვა დაპირისპირება ოპოზიციურ ლიდერებს შორის, დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა საზოგადოება ორი დღეა სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მწვავე უერთიერთკრიტიკას ისმენს.

ბლოკი "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებების შემდეგ, რომელმაც ორ კოლეგას პოლიტიკური გვამები უწოდა, ამჯერად, ძველ სახეებს სოციალურ ქსელში გვერდზე გაწევას "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი ურჩევს. დავით ბერძენიშვილის სტატუსს მასსა და გიგა ბოკერიას შორის საჯარო კამათი მოჰყვა. გიგა ბოკერია თავს ძველ პოლიტიკოსად არ თვლის და ამბობს, რომ მისი რიტორიკა განცხადების შინაარსს ეწინააღმდეგება.

ლიდერების ღია დაპირისპირებაზე არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. "ლელოში" აცხადებენ, რომ კოლეგებს, საჭიროებიდან გამომდინარე, განახლების მნიშვნელოვანი მაგალითი მისცეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ლიდერების ცვლილება ხელოვნურად ვერ განხორციელდება.

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში ოპოზიცია ამჟამად ეკლექტურ გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც რღვევის პროცესი გარდაუვალია.

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები, რამდენიმე დღეა, ოპოზიციის ნაწილისთვის ერთმანეთთან კომუნიკაციის ფორმა გახდა. შეცვლის თუ არა ეს პროცესი ოპოზიციური ერთობის კონფიგურაციას, ჯერჯერობით, უცნობი რჩება.

დღის ამბები