სტრასბურგის სასამართლომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე დვანის მოსახლეობის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
19 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მათი უფლებების დარღვევას, გადაადგილების და კუთვნილი მიწებით სარგებლობის უფლების დარღვევას აპროტესტებს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მათ სარჩელით 2014 წელს მიმართეს. ინდივიდუალური სარჩელის მომზადებაში მათ საია დაეხმარა.
2013 წელს ამ ადამიანებს საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები წაართვეს, რაც მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი, უმნიშვნელოვანესი წყარო იყო. მიუხედავად ამისა, მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები არ დატოვეს.
"2008 წელს როცა დაგვიწვეს, 2013 წელს დავიწყეთ სახლის აღდგენა, მაგრამ 2013-ში მოვიდა ახალი ბრძანება, მეზობელი ოსური სოფლიდან გვითხრეს, რომ 1 კვირაში თუ არ დავანგრევდით და გავიტანდით თუ რამე გვებადა მაგ სახლში, ისევ უნდა გადმოსულიყო საზღვარი და უნდა დაგვენგრია. ჩვენი ხელით დაგვანგრევინეს," - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე მამუკა მახაჭაშვილი.
საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბეგიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორგანიზაცია ელოდება რუსეთის საპასუხო რეაქციას და სასამართლო პასუხის მიხედვით გააგრძელებს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
"ახლა გადაგზავნილი არის დამატებითი მტკიცებულების წარმოსადგენად და პასუხის გასაცემად რუსეთის მხარისთვის არის გადაცემული, შესაბამისად, ველოდებით მათგან უკურეაქციას და მაგის მიხედვით უკვე სასამართლო გააგრძელებს მსჯელობას," - განაცხადა საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბეგიაშვილმა.