28 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ცუდია, რომ ამ შემადგენლობაში მონაწილეობას არ იღებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი - საია-ს თავმჯდომარე საგამოძიებო კომისიაზე

საგამოძიებო კომისიის სხდომებს არასამთავრობო სექტორი დაესწრება, რომლებიც დარღვევების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაციას მიაწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცუდია, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობას ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არ ღებულობს. 

"ცუდია, რომ ამ შემადგენლობაში მონაწილეობას არ ღებულობს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი და პრინციპში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი იქნებოდა, აქ ოპოზიციის იმ მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობა, თუმცა ისევ და ისევ ვუბრუნდებით იმას, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მართებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს. ჩვენთან კომუნიკაცია როგორც კი იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ საგამოძიებო კომისიას. კანონით ამის ვალდებულება გაგვაჩნია, შესაბამისად, ამის მზაობასაც გამოვთქვამთ," - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია საგამოძიებო კომისიას მათ ხელში არსებულ ფაქტებსა და ხარვეზებს წარუდგენს.

"ცხადია, როდესაც არის საგამოძიებო კომისია, ჩვენ წარვადგენთ იმ ფაქტებს და ხარვეზებს, რაც ორგანიზაციას გააჩნია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რეალურად იღებდნენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და მათ აქვთ ამ ხარვეზებთან და პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაცია, არ ერთვებიან ამ კომისიაში, შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები ამ კომისიის შედეგთან დაკავშირებით, რამდენად რეალურად ასახავს იმ სურათს და პრობლემებს, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა," - განაცხადა ნინო დოლიძემ.

შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისია რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს, 4 წევრისგან შედგება. მასში "ქართული ოცნების" ორი დეპუტატი, გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური და ორი "ევროპელი სოციალისტია", დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი თქვეს "მოქალაქეებმა". 

დღის ამბები