28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
"საგამოძიებო კომისიას არჩევნებთან დაკავშირებით შეუძლია ნებისმიერი უბნიდან გამოითხოვოს ინფორმაცია" - ირაკლი ქადაგიშვილი

როდის დაიწყებს მუშაობას საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეისწავლოს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა შეუძლია.

"არჩევნებთან დაკავშირებით მას შეუძლია ნებისმიერი უბნის ყველა ინფორმაცია გამოითხოვოს, თითოეული ბიულეტენი, ოქმი, გაიხსნას ნებისმიერი ვიდეოთვალი და მოხდეს ყველაფრის კომპლექსურად ნახვა, შესწავლა და რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნის დადება გამომდინარე აქედან.

დაიკითხოს ნებისმიერი თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე, რომელსაც კავშირი ჰქონდა არჩევნებთან და არჩევნების პროცესთან.

აქედან გამომდინარე, ეს იქნება სრულყოფილი მასალა გამოძიებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ჩვენ ნათელ სურათს მოგვცემს იმისა, იყო თუ არა რეალურად დარღვევები და რა ტიპის დარღვევები იყო ამ საარჩევნო პროცესში," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, კომისია 4 წევრისგან დაკომპლექტდა. მასში "ქართული ოცნების" ორი დეპუტატი, გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური და ორი "ევროპელი სოციალისტია" - დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.

კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი თქვეს "მოქალაქეებმა". სხდომებს დაესწრება არასამთავრობო სექტორი, რომლებიც დარღვევების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაციას მიაწოდებენ.

დღის ამბები