28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას მომხრეები მივიდნენ - ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. სწორედ მეორე ინსტანციაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ძალაში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის პოზიცია, რომ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ერთადერთი პროპორციული ღონისძიებაა.

რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მე-12 დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატთან ერთად მისი მხარდამჭერები და თანაპარტიელებიც იმყოფებიან. 

ენმ-ს წევრი ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს. 

"გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ჩვენი მეგობრის მიმართ, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ, რომელიც დღეს სრულიად უკანონოდ იმყოფება ამ შენობაში, მაგრამ როგორც ხვალინდელი დღის მჯერა, ისე მჯერა, რომ ძალიან მალე ის გამოვა ამ შენობიდან და კვლავ ჩადგება იმ ფერხულში, რომელსაც ჰქვია ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მათი იქ მისვლა არის გზავნილი, რომ მეგობრებს მარტო არ ტოვებენ. 

"გვინდა, რომ საზოგადოებას გავაგონოთ ხმა იმ უსამართლობაზე და საზიზღრობაზე, რაც ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ჩაიდინეს. ასევე, ბუნებრივია, ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ ჩვენს მეგობრებს არ ვტოვებთ მარტო. ეს არის გამამხნევებელი შეძახილი. ამ კორპუსში უზით ყველა პოლიტპატიმარი, ნახევრად ამისთვის არის ეს ციხე მოგონილი,"-განაცხადა გიგი უგულავამ. 

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სარჩელის დასაშვებობის კუთხით მიიღებს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება. 

"სისხლის სამართლის საქმე, ამ ქვეყანაში, ხელისუფლების მიერ არის გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი. სამწუხაროდ, ამ საქმეზე არავითარი გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება. მოგეხსენებათ, ჩვენ ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, თუმცაღა, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც დასაშვებობის კუთხით, ისე დაუშვებლობის თვალსაზრისით.

სამართლებრივ ჭრილში, ამ საქმის განხილვა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არის აბსოლუტურად უადგილო, ეს საქმე პოლიტიკურია,"- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა. 

დღის ამბები