28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
რადიკალური ფრთა, რომელიც ახლა შეიკრიბა "ქართული ოცნების" სათავეში, აპირებს სხვა გზით წავიდეს - ზაალ უდუმაშვილი 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის პარლამენტში გამოსვლით გამოჩნდა, რომ  მმართველი გუნდი არ აპირებს დაემორჩილოს არც საზოგადოების, არც ოპოზიციის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებს. 

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მწვავე კრიზისი, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ყოველდღიურად ღრმავდება და ხელისუფლება აქედან გამოსავლის გზებზე უნდა ფიქრობდეს. 

"პრემიერმინისტრობის კანდიდატის დღევანდელი განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ,  ის რადიკალური ფრთა, რომელიც ახლა შეიკრიბა "ქართული ოცნების" სათავეში, აპირებს სხვა გზით წავიდეს და არ აპირებს, რომ დაემორჩილოს არც საზოგადოების, არც ოპოზიციის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებს. ეს რა შედეგამდეც მიგვიყვანს, გასაგებია და ამაზე პასუხისმგებლობას, იმედია, მთლიანად აიღებს ის გუნდი, რომელიც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. იმიტომ, რომ დღეს შექმნილი ეს უკიდურესად უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება და ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, სადამდე მივდივართ, ამის გადაჭრის გზებზე თუ არ ფიქრობს ხელისუფლება და ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ კუნთების თამაშის დემონსტრირება მოახდინოს საზოგადოებისთვის, პრაქტიკულად, ეს ხელისუფლება არის განწირული დაღუპისთვის,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა უნდა გამოვიდეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან, მაგრამ გამოსავლის გზები ერთად უნდა დაისახოს, რისთვისაც არსებობს მოლაპარაკებების მაგიდა და კონკრეტული წინადადებების განხილვა.

"მე მაქვს დიდი სურვილი, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ პოლიტიკური კრიზისიდან, მაგრამ გამოსვლის გზები ერთად უნდა დაისახოს და ერთად უნდა მოინახოს. ამისთვის არსებობს მოლაპარაკების მაგიდა, კონკრეტული წინადადებების განხილვა. მაგრამ თუ ხელისუფლება ამას არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავად იჩეხავს თავს უფსკრულში ყოველგვარი დახმარების გარეშე სხვისი,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები